სოხუმში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია
ოკუპირებულ აფხაზეთში ძლიერმა ქარმა და კოკისპირულმა წვიმამ ხეები წააქცია და სოხუმში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც „სპუტნიკს“ სოხუმის კომუნალური მეურნეობის უფროსმა ელენა ატეპინამ განუცხადა, ქარმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა დააზიანა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სოხუმში ძლიერმა წვიმამ რამდენიმე ქუჩა დატბორა, მათ შორის სარკინიგზო სადგურის მახლობლად.
წაქცეულმა ხეებმა დენის მავთულებიც დააზიანეს, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდა.
სტიქიური უბედურების შედეგად არავინ დაღუპულა.