გიორგი ლორთქიფანიძე: ფიზიკურად ვერ გამოვცხადდები საქართველოს მთავარ პროკურატურაში

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე დაკითხვაზე დაიბარა, საგამოძიებო უწყებაში არ მივა.
როგორც ლორთქიფანიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, უწყებაში, რომელიც მისმა მეუღლემ ჩაიბარა, ნათქვამია, რომ საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად დღეს, 18:00 საათზეა დაბარებული.
„თბილისში, ჩემმა მეუღლემ ჩაიბარა უწყება, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურატურისგან ჩემს ქართულ მისამართზე მივიდა. უწყებაში ნათქვამია, რომ 18:00 საათზე, დაბარებული ვარ საქმეზე N074118157 (ე.წ. 26 მაისის საქმე) საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.
მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ:
1. აღნიშნულ საქმეზე გახლავართ არაერთხელ დაკითხული და გამოძიებისთვის უკვე მიცემული მაქვს სრული ინფორმაცია;
2. აღნიშნულ საკითხზე დამატებით არაფერი მაქვს სათქმელი და ეს ასევე, განმარტებული მაქვს გამოძიებისთვის;
3. გამოძიებისთვის სრულყოფილი ჩვენების მიცემიდან დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდი საქართველოში და პროკურატურას ჩემ მიმართ დამატებითი კითხვები დღემდე არ გასჩენია;
4. არც გასაჯაროებულ ვიდეომასალასთან და არც 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებულ სხვა ვიდეომასალებთან (რომელიც პროკურატურაში დაკითხვის დროს უკვე ნანახი მაქვს) არავითარი კავშირი არ გამაჩნია;
5. მე, როგორც ოდესის ოლქის ნაციონლური პოლიციის მთავარი სამმართველოს მოქმედი ხელმძღვანელი, ხვალ თბილისის დროით 16:00 საათზე, მოხსენებით გამოვდივარ უკრაინის პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე და ფიზიკურად ვერ გამოვცხადდები საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ხოლო ჩემი დაბარების თარიღი და დრო ვერანაირად ვერ ჩაითვლება გონივრულ ვადად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვასკვნი, რომ დღეს პროკურატურის მიერ ჩემი გამოძახება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და მხოლოდ და მხოლოდ უკავშირდება კარსმომდგარ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ხელისუფლების მიერ პრევენციული ზომების გატარებას ჩემი საქართველოში დაბრუნების ხელშეშლისთვის.
ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მოქმედება ნაკარნახებია ცალკეული პოლიტიკური პარტიის შიშებითა და ინტერესებით“, – წერს გიორგი ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა ბრალდებულად ცნო. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, დაბარებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. პროკურატურამ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების მიზნით, მას გონივრული დრო მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები