ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოკუპანტები მასშტაბურ წვრთნებს ატარებენ
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსი ოკუპანტები მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. მანევრებში 4 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ამის შესახებ გამოცემა „ვზგლიადი“ იუწყება.
„წვრთნებში 4 ათასი სამხედრო მოსამსახურე და ათასამდე ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. წვრთნები 24 სექტემბრამდე გაგრძელდება“, – ნათქვამია რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებში დღეს დილით განგაში გამოცხადდა და ისინი პოლიგონზე სამხედრო მარშით გადაისროლეს. წვრთნების დროს პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციის შეტევის მოგერიების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების პირობებში დაბინძურებული ტერიტორიის გადალახვის ვარჯიში იმართება. წვრთნები რადიოელექტრონული ბრძოლის იარაღის წინააღმდეგ მოქმედებაშიც გაიმართება.