საგარეო უწყება რუსეთის დუმის არჩევნების ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებას გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებას გმობს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციამ 18 სექტემბრის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ გახსნა 21 საარჩევნო უბანი.
”ამასთან, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დადგენილებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული.
ნიშანდობლივია, რომ მოსკოვმა ჯერ კიდევ 2000-იან წლებში დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, რომელთაც 2011-2012 წლებში არალეგიტიმურად მიაღებინა მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. მეტიც, 2016 წლის სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის ისინი შეყვანილ იქნენ რუსეთის ფედერალური ოლქების საარჩევნო სიებში და ხმას მისცემენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რუსეთის შესაბამისი ფედერალური ოლქიდან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, როგორც მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. რუსეთის ფედერაცია ზემოაღნიშნული ქმედებებით უგულებელყოფს გაეროს წესდებით განმტკიცებულ იმ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა.
სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ”, -ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები