შს სამინისტრო: ბადრი ბასიშვილს სოფელ ფლავისმანში დაპირისპირება ადგილობრივებთან მოუვიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს, ბადრი ბასიშვილს სოფელ ფლავისმანში  ადგილობრივებთან დაპირისპირება მოუვიდა. ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ბასიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი პლაკატების მათ კუთვნილ ღობეებზე გაკვრის საშუალება არ მისცა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა და ადგილზე მათი მისვლის შემდეგ დაპირისპირება განიმუხტა.
”მიმდინარე წლის 17 სექტემბერს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გორის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი ბადრი ბასიშვილი, სოფელ ფლავისმანში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელში არსებული საცხოვრებელი სახლების ღობეებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ პლაკატებს აკრავდა. ამის საშუალება მას რამდენიმე ადგილობრივმა მოსახლემ არ მისცა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ბადრი ბასიშვილმა აღნიშნულის შესახებ შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეატყობინა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ და სიტუაცია განმუხტეს.
გამოკითხვისას მოსახლეობამ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატისთვის საარჩევნო პლაკატის გაკვრის ხელშეშლა იმით ახსნა, რომ საცხოვრებელი სახლის ღობე მათი კერძო საკუთრებაა  და არ სურთ, მათ საკუთრებაზე რაიმე სახის წარწერა იყოს გაკრული.
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
როგორც ”ერთიან ნაციონალური მოძრაობაში” აცხადებენ გორში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატს და აქტივისტებს ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. მათივე ინფორმაციით, სოფელ ფლავისმანში ბადრი ბასიშვილს ამომრჩეველთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს და  ამ ყველაფერს  მალხაზ მეტრეველი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები