პროკურორი: ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით იარაღი ამოიღეს

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი კაჭარავას კაბინეტიდან უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. ამის შესახებ პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ქუთაისის სასამართლოში ელიზბარ გოზალიშვილი ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი კაჭარავასა და ამავე პოლიციის გამომძიებლის, ზურაბ ჭელიძის საქმის პროკურორია. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს იხილავს.

როგორც პროკურორმა სხდომაზე აღნიშნა, დაკავებისას სამართალდამცველებმა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის კაბინეტიდან უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. მათ შორის ე.წ. კალაშნიკოვები, ხელყუმბარები და ქარხნული წესით წარმოებული ვაზნები. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულ გიორგი კაჭარავას ავტომანქანის ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერება ამფიტამინი  და  უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი “სტეჩკინიც” ამოიღო.
სახელმწიფო ბრალდება კაჭარავასა და მასთან ერთად დაკავებული გამომძიებლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
პროკურორის განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებულები შეეცდებიან მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენას, მტკიცებულებების განადგურებას და თავს აარიდებენ სასამართლოში გამოცხადებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები