ეროვნული უშიშროების საბჭომ თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელმაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელა: 2017 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობის განსაზღვრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებ.
ირინე იმერლიშვილის განცხადებით, საქართველოს სამხედრო ძალთა რაოდენობა 37 000-ით განისაზღვრა.
„სამხედრო ძალების რაოდენობა, როგორც მოგეხსენებათ, ყოველწლიურად მტკიცდება ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ.
გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა, უშიშროების საბჭოს წევრთა ორი მესამედი.
დღეს სხდომას არ ესწრებოდა ორი მუდმივმოქმედი წევრი დავით უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში. სხვა ყველა წევრი ესწრებოდა სხდომას და ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
ეს არის 37 000, ამაში არ შედის ცხადია საომარი მდგომარეობის პერიოდში რაოდენობა და რეზერვი.
ეს დოკუმენტი პარლამენტში გაიგზავნება ბიუჯეტის პროექტთან ერთად“, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის განცხადებით, მეორე საკითხი, რომელიც საბჭომ განიხილა, ეს თავდაცვის სამინისტროში განსახორციელებელი თუ დაგეგმილი რეფორმებია, რომლებიც ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს თავდაცვის მინისტრმა გააცნო.
ამ დოკუმენტის განხილვა დაიწყება, როგორც არასამთავრობოებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან, თავდაცვის და უშიშროების საკითხებში ექსპერტებთან“, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
აღნიშნულ საკითხებზე მოხსენებები გააკეთეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები