გამზარდია ჩანაწერის გავრცელებას გვარამიას უკავშირებს და არგუმენტებს ასახელებს

“ჩემთვის თითქმის არ იწვევს ეჭვს, რომ დიდი ალბათობით, ვიდეოკადრები თავად ნიკა გვარამიას მიერაა გავრცელებული, ამით ის რამდენიმე მიზანს შეისრულებს”, – ასე ეხმაურება ექსპერტი არჩილ გამზარდია დღეს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელშიც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის, ნიკა გვარამიასა და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის საუბარი ისმის.

არჩილ გამზარდია შესაბამისი შინაარსის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე ათავსებს:

„ჩემთვის თითქმის არ იწვევს ეჭვს, რომ, დიდი ალბათობით, ვიდეოკადრები თავად ნიკა გვარამიას მიერაა გავრცელებული, ამით ის რამდენიმე მიზანს შეისრულებს:

1. თუ კი მაინც იყო შეკითხვები დარჩენილი, ამით დადასტურდა, რომ პაატა ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის” პროდუქტია;
2. თუ ელემენტარული გონიერება აქვთ, “გირჩი” უნდა გამოვიდეს ბლოკიდან და ამით ეს ბლოკი ბევრად განიარაღდება, სამაგიეროდ ბლოკზე სრულ კონტროლს კვლავ “ნაციონალები” აიღებენ;
3. მიხეილ სააკაშვილის ელექტორატი, რომლის ნაწილიც გადანაწილებული იყო ვაშაძე-“გირჩებზე”, კვლავ საკუთრივ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მხარეს გადავა, რითაც პროცენტული მაჩვენებელი ნაციონალებისა უფრო გაიზრდება;
4. თავად ფაქტი, რომ კადრები გავრცელდა, ხელისუფლების მისამართით იქნება ნეგატივი. ასე, რომ აქაც “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესები არის გამოხატული.
მაგრამ… ეს ყველაფერი სულაც არაა მთავარი, არამედ ის, რომ ტელევიზიის დირექტორი მართავს პოლიტიკურ პარტიას და ერევა პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში, ახდენს ზეწოლას მათზე და ა.შ. – ეს შესაბამისი სამსახურების მიერ უნდა იქნას შესწავლილი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დირექტორი მართავს საინფორმაციო სამსახურების მუშაობას და ჟურნალისტურ თავისუფლებაში პირდაპირ ერევა, რაც ამ საუბრიდან გამოიკვეთა და ამაზე ასევე შესაბამისმა ორგანიზაციებმა, წესით, უნდა გამოხატონ აზრი და შეაფასონ“, – წერს არჩილ გამზარდია.

დღეს გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის, ნიკა გვარამიასა და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის საუბარი ისმის. ფაქტზე შსს-ს გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 159-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები