სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები – 1 მლნ ლარი ჩამოაწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), 2025 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებისთვის კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მლნ-მდე ლარი ჩამოაწერა. გარდა ამისა, მომხმარებლებს 2025 წლის განმავლობაში კომპენსაციის სახით დაერიცხათ 5.72 მლნ ლარი.
მომხმარებლებს თანხები ჩამოეწერათ და კომპენსაციები დაერიცხათ სემეკში შემოსული წერილობითი მიმართვების შესწავლის შედეგად, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადის დარღვევებს.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე. სემეკისთვის განცხადებებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.