პატრიარქი – 2025 წლის ელჩების შეკრების მონაწილეებს: მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული მუშაკობისთვის თქვენც და თქვენი სამსახურის თანამშრომლებს

“ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონო მინისტრო და დღევანდელი შეკრების სხვა მონაწილენო, ყველას გულითადად მოგესალმებით, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს და ურთიერთშეხვედრის სიხარულს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც 2025 წლის ელჩების შეკრების მონაწილეებს ეძღვნება.

მიმართვას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“მოგეხსენებათ, ზოგადად, ელჩებს რა დიდი მისია და პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ ჩვენს ელჩებთან მიმართებაში ეს დატვირთვა დღეს კიდევ უფრო გაზრდილია და მეტ შრომასა და ძალისხმევას ითხოვს მათგან.

დარწუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ამას კარგად აცნობიერებს და ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას. ამიტომაც მინდა, ჩვენის მხრიდანაც, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული მუშაკობისთვის თქვენც და თქვენი სამსახურის თანამშრომლებს და გამოვთქვა იმედი, რომ თქვენი საქმიანობა კვლავაც იქნება წარმატებული და სასიკეთო შედეგების მომტანი საქართველოსთვის.

ამასთან, მსურს შეგახსენოთ, რომ როგორც ცნობილია, მომავალ წელს ვზეიმობთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავს. ეს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან სწორედ ქრისტიანობამ განსაზღვრა ჩვენი ერის აზროვნების წესი; მის საფუძველზე შეიქმნა ჩვენი უნიკალური ხელოვნება, მწერლობა, ფილოსოფია; ამას ემყარება ადამიანური ურთიერთობებიც.

ვიმედოვნებ, თქვენც, უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებსა და დიასპორასთან ერთად, შეძლებთ ამ თარიღის სათანადოდ აღნიშვნას.

ინებოს ღმერთმა, უფლისა და საქართველოს სიყვარულმა გაგვაერთიანოს ყველა.

ღმერთმა დაგლოცოთ და ღვთის სათნო მრავალ კეთილ საქმეთა აღსრულების ძალა და შესაძლებლობა მოგცეთ, ამინ!”, – წერია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები