„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ საქართველოში

16-18 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ აღინიშნება. საქართველოს მასშტაბით მუზეუმებში უფასო გამოფენები, ვორკშოფები და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებები „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ 2016 წლის საერთო თემის ,,მემკვიდრეობა და საზოგადოება“ ფარგლებში მოეწყობა.
17 სექტემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში იხსნება გამოფენა „ევროპელები მუზეუმის არქივებიდან“.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მუზეუმის დირექტორი ირინა კოშორიძე გახსნიან.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი, გერმანელი, პოლონელი, ლატვიელი, უკრაინელი და რუსი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში მუზეუმის მოწვევითა და დაკვეთით ქმნიდნენ სხვადასხვა დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების დიზაინს.
იული სტრაუმეს, ოსკარ შმერლინგის, ჰენრიჰ ჰრინევსკისა და სხვა მხატვრების ნამუშევრებს პარიზის (1900წ), ტურინის (1911წ) და ლონდონის (1913წ) შემდეგ, “ევროპის მემკვიდრეობის დღეების” ფარგლებში პირველად თბილისიც იხილავს.
ზემოაღნიშნული მასალა დაცულია ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებსა და არქივში.
გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა: 16:00 – საგანმანათლებლო პროგრამა ”ევროპა, კულტურული მემკვიდრეობა”. მონაწილეები გაეცნობიან საქართველოსა და ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთკავშირს, როდის შემოვიდა ევროპა საქართველოში (ჟან შარდენი, კასტელი და სხვა მისიონერები), ასევე სულხან-საბას მოგზაურობას ევროპაში და მისი ინიციატივის მნიშვნელობას ევროპელების დასახლებაზე საქართველოში (გერმანელები, პოლონელები) და მათ კულტურული მემკვიდრეობის გავლენებზე, რასაც სწორედ მუზეუმში გამოფენილი ექსპონატებიც ასახავს.
17:30 – “ნივთის ორნამენტით შემკობა”. მონაწილეები შეადგენენ ორნამენტს და შემდეგ ამ ორნამენტით მოხატავენ მოცულობებს (ლარნაკს, ქილას, ბოთლს, საყვავილეს და ა.შ). პროგრამას გაუძღვება მხატვარი ირინე ლავრინენკო.
18:30 – საჯარო ლექციას- „დიზაინის და მხატვრული ფორმის განვითარების ისტორია ევროპასა და მსოფლიოში, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ექსპონატების მაგალითზე“ – მუზეუმის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ირინა კოშორიძე წაიკითხავს.
გამოფენილი იქნება სტრაუმეს, შმერლინგის, ჰრინევსკის და სხვა მხატვრების სამუშაო ესკიზები, კერამიკის, ქსოვილების, ოქრომჭედლობის ნიმუშებისათვის და სხვა. გამოფენის მსვლელობისას საგანმანათლებლო პროექტებიც მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები