რას აცხადებს დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული – დღეიდან ვაცხადებ შიმშილობას

„დემურ სტურუასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა და მის წინაშე დანაშაული არ მიმიძღვის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამტრედიაში 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებულმა, ყოფილმა პოლიციელმა გოდერძი თევზაძემ ქუთაისის საოლქო პროკურატურაში მისვლისას განუცხადა.
როგორც თევზაძემ აღნიშნა, მას დემურ სტურუა არ უცემია. ბრალდებულმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო და ობიექტური გამოძიების ჩატარების იმედი გამოთქვა.
თევზაძის თქმით, იგი მიმალვაში არ იმყოფებოდა.
„დღეიდან ვაცხადებ შიმშილობას და იმედი მაქვს, ობიექტური გამოძიების. დანაშაული არ მიმიძღვის. მიმალვაში არ ვყოფილვარ. არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა დემურ სტურუასთან. თავაძე აცხადებს ყველაფერ სიცრუეს. დედამისისგან ჩაბარებული მყავდა. სტურუა ნაცემი არ ყოფილა“, – განაცხადა თევზაძემ.
გოდერძი თევზაძე გამოძიებას ჩაბარდა. იგი ქუთაისის საოლქო პროკურატურაში ადვოკატთან ერთად გუშინ, გვიან ღამით მივიდა.
22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით რამდენიმე თვის წინ დაასრულა. გარდაცვალებამდე სტურუამ წერილი დატოვა, სადაც მოხსენიებული ჰყავდა სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელი გოდერძი თევზაძე. მას პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. ასევე დაუსწრებლად შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობაც.
თევზაძისთვის წაყენებული ბრალი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას. რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები