სოსო შატბერაშვილი: შალვა ნათელაშვილი წლებია, „ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს ასრულებს

„1989 წლის 9 აპრილს რუსეთის ხელისუფლებამ ვერ მოძებნა ვერანაირი ეროვნების ადამიანი, ვინც მომიტინგეებს გაამტყუნებდა, ასეთი იყო მხოლოდ შალვა ნათელაშვილი“,-ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა, სოსო შატბერაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
შატბერაშვილი პარალელებს ავლებს ნათელაშვილისა და რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობების მდგომარეობას შორის 1989 წლიდან 2016 წლამდე. სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ნათელაშვილი 1989 წელს „ვრემიაში“ გაკეთებული განცხადების შემდეგ დააწინაურეს.
“როგორც აღმოჩნდა 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც ცნობილი მოვლენები მოხდა თბილისში, რუსეთის ხელისუფლებამ ვერ მოძებნა ვერც ერთი ქართველი, ვერც ოსი, ვერც აზერბაიჯანელი, რომელიც იტყოდა, რომ 9 აპრილს რუსეთის არმიას არ აუჩეხავს ქართველი მომიტინგეები. მან ასეთი გამოძებნა შალვა ნათელაშვილის სახით, რომელსაც პროგრამა „ვრემიასთვის“ მიუცია ინტერვიუ და იქ განუცხადებია, რომ თბილისში იყო შეკრებილი ბრბო, მოხდა ჭყლეტა, დაიღუპა ხალხი და საბჭოთა არმია აქ არაფერ შუაშიაო“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ განცხადების გაკეთების შემდეგ შალვა ნათელაშვილი გახდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის მსმენელი და ასპირანტი.
დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი „მემარცხენე ალიანსიდან“ ნათელაშვილის ძველ და ახალ რუსულ ურთიერთობებს შორის პარალელებს ავლებს.
შატბერაშვილმა ნათელაშვილის უკვე გახმაურებულ რუსულ-ქართულ მიმოწერაზეც ისაუბრა, სადაც ქვეყნის პირველი „ლეიბორისტი“ , ყოფილი თანაგუნდელის თქმით, ჟირინოვსკისა და კობზონს პატრიოტებს უწოდებს.
“მას ყოველთვის ჰქონია ორმაგი სტანდარტი, გვეუბნებოდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაიკავოს მიუმხრობლობის კურსი, შემდეგ განაცხადა, რომ „ნატოს“ უნდა დავუჭიროთ მხარი, მაგრამ ის დაუკავშირდა ყველაზე ბნელ ძალას „ნაციონალური მოძრაობას“ და იმ დროს, როდესაც ამერიკაში დარბოდა, პარალელურად წერილებს აგზავნიდა მედვედევთან, პუტინთან, ივანოვთან და ჟირინოვსკისთანაც კი. მას მიძღვნილი აქვს ჟირინოვსკისადმი სადიდებელი წერილი. ამასთანავე სთხოვდა დაფინანსებას“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში შატბერაშვილმა.
მისივე განცხადებით, ნათელაშვილი ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლამდე „დიდებულ ქართველს“, მეცენატს და „კულტურის გადამრჩენელს“ უწოდებდა.
“ივანიშვილს, რომ აქებდა, არსებობს ეს ტელეინტერვიუც, ისიც კი აქვს ნათქვამი, რომ ივანიშვილი პატრიარქისგან მხარდაჭერილი იყო, მაგრამ ერთ დღეს მოვიდა და გვიბრძანა, რომ ივანიშვილის სახლთან აქცია უნდა მოგვეწყო. ეს ადამიანი წლებია, „ნაციონალური მოძრაობის დაკვეთებს ასრულებს“, – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა „კვირას“ პრესკლუბში.
შატბერაშვილი ნათელაშვილს შეხვედრას სთხოვს და შეხვედრამდე მას „ტრანკვილიზატორის“ მიღებას ურჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები