პრემიერი: ვერც ილია მოკლეს და ვერც საქართველო მოკლეს, რადგან ილიაც მარადიულია და საქართველოც მარადიულია

“ვაჟა-ფშაველამ თქვა: “ილიას მკვლელებს რომ შესძლებოდათ, საქართველოს მოკლავდნენო”, მაგრამ ვერ მოკლეს ვერც ილია და ვერც საქართველო”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.
“დღეს საქართველომ კიდევ ერთი მწარე გაკვეთილი მიიღო და ჩვენი ისტორია ხომ საკუთარ შეცდომებზე სწავლის და ვერსწავლის ისტორიაა. ამიტომ, დღეს კიდევ ერთხელ გაცილებით უფრო დიდი სიმძაფრით და სიმწრით დგება ამ გაკვეთილის მნიშვნელობა. ვაჟა-ფშაველამ თქვა:  “ილიას მკვლელებს რომ შესძლებოდათ, საქართველოს მოკლავდნენო”, მაგრამ ვერ მოკლეს. ვერც ილია მოკლეს და ვერც საქართველო მოკლეს, რადგან ილიაც მარადიულია და საქართველოც მარადიულია. ამ სიკვდილმა ქართველი ერი გამოაფხიზლა, ქართველი ერის განვითარების ვექტორი გაამყარა და ქართველი ერის ზნეობა განამტკიცა. ილიამ ამისთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი მოღვაწეობა, მწერლობა, საზოგადო მოღვაწეობა ხომ ამას ეძღვნებოდა ნამდვილად”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის შეფასებით, ილია ყველაზე კარგად ასახავდა საკუთარ თავში საქართველოს ჰარმონიას ევროპასთან – მის ყველა სიტყვაში არის დასავლეთთან საქართველოს ერთიანობის იდეა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობა არავის არ უგრძნობინებია ქართველებისთვის ისე, როგორც ეს ილია ჭავჭავაძემ გააკეთა.
„ნამდვილად, სიტყვები, რომელიც ილიამ წარმოსთქვა, ყველაზე აქტუალურია დღეს, როდესაც საქართველოს წინაშე ახალი გამოწვევები დგას. საქართველოს წინაშე დღეს საფრთხეებით სავსე გამოწვევებია და ამ გამოწვევების გასამკლავებლად ილიამ მოგვცა ყველაზე კარგი წამალი. ილიამ ბრძანა: “ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუხალისოთ, ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ და ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ”… ამაზე დიდი სიტყვები არავის არ უთქვამს საქართველოს ისტორიაში. ამაში დევს საქართველოს განვითარების ვექტორიც, საქართველოს სიძლიერეც და ქართული გენის გადარჩენის ფორმულაც. მე ვერაფერს დავამატებ ამ სიტყვებს. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, ღმერთმა ქნას, ამ სიტყვების ღირსი გაგვხადოს, ღმერთმა ქნას, ჩვენი ყველა ნაბიჯი, ჩვენი ყველა ქმედება, ამ სულისკვეთებით ყოფილიყოს ნაკარნახევი. გილოცავთ ილია მართლის დაბადებას”, – მიმართა პრემიერმა საგურამოში შეკრებილებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები