გიორგი მღებრიშვილი: კრიმინალთან ბრძოლაში იარაღის „ჩადება“ ჩვენი მეთოდები არ არის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უსაფუძვლოს უწოდებს, თბილისში 3-4 სექტემბერს დაკავებული ახალგაზრდების ოჯახის წევრების ბრალდებებს, რომ მათ ახლობლებს იარაღი სამართალდამცველებმა “ჩაუდეს“.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა “იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, უწყება კრიმინალს დღეს კანონიერი მეთოდებით ებრძვის.
„საზოგადოებას აქვს სწორი დაკვეთა და მას სურს იცხოვროს უსაფრთხო გარემოში. იარაღის ჩადების თემა სასაცილოა. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, როდესაც ჩვენთან შემოდის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ესა თუ ის პირი გადაადგილდება ცეცხლსასროლი იარაღით და უკანონოდ ატარებს მას, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ რეაგირება, არ უნდა ამოვიღოთ იარაღი და არ უნდა დავაკავოთ ეს ადამიანი? მე არ მესმის იმ აჟიოტაჟის, რომელიც ამ ბოლო დროს არის ატეხილი.
თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა – ნათქვამია, და ამ მეთოდს ეფექტურად იყენებენ ეს ადამიანები, ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებიც აყვირებენ თავის მშობლებს, მეუღლეებს, მეგობრებს, თითქოს ვიღაცამ ვიღაცას იარაღი ჩაუდო. ვინც არ უნდა ისაუბროს ამაზე, ეს ჩვენი მეთოდები არ არის კრიმინალთან ბრძოლაში“- განცხადა შს მინისტრმა.
მისი თქმით, აღნიშნული ბრალდებები ერთი მიზნისთვის კეთდება, რომ თავი დაიცვან და თავი აარიდონ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას.
„იმ ცრუ ბრალდებებით, რასაც ისინი უყენებენ პოლიციელებს, თითქოს ვიღაცამ იარაღი ჩაუდო, ეს არის სრული აბსურდი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ჩვენ კრიმინალს ვებრძვით მხოლოდ კანონის ფარგლებში“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები