ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სარგსიანთან ოფიციალური შეხვედრის ფაქტს უარყოფს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი კან ტანია მთიან ყარაბაღში ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის, ვიტალი გაბნიასა და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანს შორის ოფიციალური შეხვედრის ფაქტს უარყოფს.
მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია მთიან ყარაბაღში 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე იმყოფებოდა. ის მთიანი ყარაბაღის „დამოუკიდებლობის“ 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა.
ტანიას განცხადებით, საქართველოში აგორებული სკანდალი, რომლის მიზეზიც ე.წ. ვიცე-პრეზიდენტის, ვიტალი გაბნიასა და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის შეხვედრა გახდა, „აბსურდის თეატრია“.
„ეს ფოტო გადაღებულია სტეპანაკერტის მახლობლად, ბანკეტის დროს. გაბნიასა და სარგსიანის შეხვედრა ოფიციალური არ ყოფილა. უბრალოდ, ფოტოს გადაღების მომენტში სარგსიანი მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის გვერდით იდგა, ხოლო გაბნიამ მას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შემდეგ მე ეს ფოტო ინტერნეტში გამოვაქვეყნე“, – აცხადებს ტანია.
კან ტანია აცხადებს, რომ საქართველოში აგორებული სკანდალის წყალობით, ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციის ვიზიტი მთიან ყარაბაღში უფრო შესამჩნევი გახდა, რისთვისაც ის თბილისს მადლობას უხდის.