ბიძინა ივანიშვილი: დავით უსუფაშვილს კვირიკაშვილის მსგავსი თვისებები არ გააჩნია

გარწმუნებთ, კვირიკაშვილის ძირითადი მოწოდება არ არის სავარძლის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილი თავისი ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტია.
„გარწმუნებთ, კვირიკაშვილის ძირითადი მოწოდება არ არის სავარძლის შენარჩუნება. კვირიკაშვილი თავისი ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტია, აქვს მართვის უდიდესი გამოცდილება, ის არის ძალიან კარგი ფინანსისტი, კარგი ეკონომისტი, კარგი მენეჯერი. მან მოკლე დროში აჩვენა, რომ არის ძალიან კარგი დიპლომატი. მთელ ევროპას და ამერიკას თავი შეაყვარა, საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს. საოცრად გამოცდილი მენეჯერია, უპატიოსნესი კაცი. ერთი მანქანით გადაადგილდება ეს კაცი რეგიონებში, ისე კი არა, გადმოშვერილი ავტომატებით, 60 მანქანით რომ დადიოდნენ, საგიჟეთს რომ ჰგავდა ეს ქვეყანა. საოცრად განიცდის ყველა თეთრის დახარჯვას, საოცრად მოწესრიგებული კაცია. უსუფაშვილი ამბობს, რომ ის არავინ არ არის, არადა, სწორედ ის არის ყველაფერი!“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა,რომ მის მიერ დასახელებული თვისებები, კვირიკაშვილისგან განსხვავებით, უსუფაშვილს არ აქვს.
„დავით უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ კოალიციაში ყოფნის დროს მოახერხა და პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ჩვენი დახმარებით. კვირიკაშვილმა კი თავად მიაღწია ყველაფერს ამას. ქვეყანას პატრონი უნდა ჰყავდეს, ქვეყნის პატრონი საზოგადოება უნდა იყოს. საზოგადოებამ სწორად უნდა აირჩიოს ქვეყანაზე მზრუნველი პარტია და მთავრობა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები