დიმიტრი ხუნდაძე: არა მგონია, ჩოჩელი ისეთი უჭკუო იყოს, რომ ამათში დიდი ფული გადაიხადოს

”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე დღეს ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს რამდენიმე წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
ხუნდაძემ  მცხეთის საარჩევნო შტაბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იმ პირთა ვინაობა და პარტიული კუთვნილება დაასახელა, რომლებმაც დღეს განცხადება გააკეთეს და დიმიტრი ხუნდაძეს გაემიჯნენ.
„მოდით, დაგისახელებთ, ვინ გამემიჯნა. დავიწყებ ყველაზე სენსაციურით: თამაზ ნათელაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი; შიო ჯატიაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი. გამოდის, რომ „ლეიბორისტული პარტია“ მცხეთაში მხარს უჭერს ცეზარ ჩოჩელს, მათივე თქმით, ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს. დავით ჯალაბაძე – „კონსერვატიული პარტია“, გარიცხულია პარტიიდან; ვაჟა თათარაშვილი – „პატრიოტთა ალიანსი“, გარიცხულია პარტიიდან; თეიმურაზ მირესაშვილი – „რესპუბლიკური პარტია“; ნუგზარ ჩანადირი – „ბურჯანაძე-დემოკრატები“; გოჩა ლაბაური – გარიცხულია „კონსერვატორებიდან“ და შევიდა „ნაციონალების“ ფრაქციაში; დავით ვალიშვილი – გარიცხულია „კონსერვატორებიდან“; გურამ ანსიანი – საკრებულოში შევიდა თავისუფალი დემოკრატების კვოტით, შემდეგ დატოვა, განაცხადი გააკეთა „ქართულ ოცნებაში“ შემოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ პარტიამ არ დააკმაყოფილა. ისე, მას ბევრი პარტია აქვს გამოცვლილი და როგორც ჩანს, ყველაზე მსუყე ლუკმას მიადგა ჩოჩელის სახით; ზაურ ღვინიაშვილი – „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ის მუშაობდა პარტიის წინააღმდეგ, ამიტომ რაიონულმა ორგანიზაციამ ივნისის თვეში იმსჯელა მასზე და ბიუროს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ ოფისს გადაეგზავნა მოთხოვნა მისი გარიცხვის თაობაზე.
ასე რომ, თავად დარწმუნდით, რომ ეს პირები არ არიან „ქართული ოცნების“ წევრები. პირიქით, ისინი ყოველთვის “ოცნების” წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ხელს უშლიდნენ გამგეობას და საკრებულოს მუშაობაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ცეზარ ჩოჩელს, როგორც იქნა, ეს ხალხი საჯაროდ გამოააშკარავა და შესაბამისი სახელიც დაარქვა.
რაც შეეხება გამიჯვნას, მაინტერესებს ვის გაემიჯნენ? ისინი არც პარტიასთან და არც ჩემთან არასოდეს მდგარან. ჩვენი გუნდი ასეთ ხალხთან არ თანამშრომლობს. მათი ერთადერთი დაინტერესება არის მხოლოდ ფული და იპოვეს კიდეც თავშესაფარი. თუმცა, არა მგონია, ჩოჩელი ისეთი უჭკუო იყოს, რომ ასეთ ხალხში დიდი ფული გადაიხადოს. ესენი მხოლოდ ხურდებზე შეიძლება ამუშაოს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები