„ქართული ოცნება“ : ჩვენი პარტიის მხარდამჭერები არიან ისინი, ვინც მხარს უჭერს ჩვენს მიერ ყველა ოლქში წარდგენილ კანდიდატებს

“მცხეთაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ღირსეული კანდიდატი – დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც პარტიისა და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს”, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ქალაქ მცხეთისა და თემის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირები, რომლებმაც დღეს განცხადება გააკეთეს, არ წარმოადგენენ უმრავლესობას და „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან.
”დღეს ქალაქ მცხეთისა და თემის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ისინი ემიჯნებიან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს, მაგრამ მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ის პირები, რომლებმაც დღეს განცხადება გააკეთეს, არ წარმოადგენენ უმრავლესობას და არ არიან „ქართული ოცნების“ წევრები.
გვინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები არიან ისინი, ვინც ასევე მხარს უჭერს ჩვენ მიერ ყველა ოლქში დასახელებულ კანდიდატებს. ყველა კანდიდატი სარგებლობს ჩვენი უდიდესი ნდობით. რაც შეეხება დიმიტრი ხუნდაძეს, ამის თაობაზე განცხადება არაერთხელ გავაკეთეთ. მცხეთაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ღირსეული კანდიდატი – დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ჩვენი და ადგილობრივი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და გვჯერა, რომ 8 ოქტომბერს ისევე, როგორც სხვაგან, მცხეთაშიც გამარჯვებას ვიზეიმებთ“, – ნათქვამია ”ქართული ოცნების” განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს რამდენიმე წევრმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ”ქართულ ოცნებას”, თუმცა ემიჯნებიან ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს. მათი თქმით, ისინი საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს უცხადებენ. მათი გადაწყვეტილება საზოგადოებას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გურამ ანსიანმა გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები