პუტინის თქმით, რუსეთი აშშ-ის წინააღმდეგ ჰაკერულ შეტევებს არ ახორციელებს

რუსეთი სახელმწიფო დონეზე არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ ჰაკერულ შეტევებს არ ახორციელებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სააგენტო „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ მონაცემთა ბაზის გატეხვის შესახებ, რაშიც რუსეთთან დაკავშირებულ ჰაკერებს ადანაშაულებენ,  პუტინმა განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
„ამის შესახებ მე ინფორმაცია არა მაქვს. სახელმწიფო დონეზე რუსეთი ამით არასოდეს დაკავებულა. მე არა მგონია, რომ მსგავსი ხასიათის ინფორმაცია შეერთებული შტატების საზოგადოებისთვის ინტერესს წარმოადგენს“ – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, დღეს ჰაკერები ისე სუფთად მოქმედებენ, რომ ჰაკერული შეღწევის კვალის დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელია.  რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ კვალს ჰაკერები იმ შემთხვევაში ტოვებენ, როდესაც ეს მათ რაღაცაში სჭირდებათ.
რამდენიმე დღის წინ დასავლეთის მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის შტაბის კომპიუტერებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები