გაქცეულ პატიმარს საქართველოს მასშტაბით ეძებენ – ოჯახის წევრები პირველ კომენტარს აკეთებენ

სამართალდამცველები გაქცეულ პატიმარს მთელ საქართველოში ეძებენ. ოთარ ვარამაშვილი რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გუშინ გაიქცა. ერთ-ერთი ვერსიით, პატიმარი საპირფარეშოს ფანჯრიდან გადაძვრა და მას გარეთ მანქანა ელოდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროში ადასტურებენ, რომ მანამდე ვარამაშვილმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება ითხოვა და გაქცევაც ექიმების სასამართლოში ყოფნის პერიოდში მოახერხა.
როგორც პატიმრის ოჯახის წევრები აცხადებენ, სამართალდამცველებმა სახლი უკვე გაჩხრიკეს. მათი თქმით, ინფორმაცია გაქცეულთან დაკავშირებით არ აქვთ, რადგან ორი თვის განმავლობაში ოჯახის წევრებთან მას კონტაქტი არ ჰქონია.
ოთარ ვარამაშვილის და ამბობს, რომ ვარამაშვილი მის მიმართ გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებდა. მისივე განცხადებით, ვარამაშვილმა, სავარაუდოდ, გაქცევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მოსამართლემ სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაუკმაყოფილა. კონკრეტულად, როგორ მოახერხა მსჯავრდებულმა სასამართლოს შენობიდან გაქცევა, უცნობია. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პატიმარმა გაქცევა სასამართლოს საპირფარეშოს ფანჯრიდან მოახერხა, სასამართლოში არ ადასტურებენ. მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპირფარეშოს ფანჯარა არ აქვს, შესაბამისად, პატიმარი ფანჯრიდან გაქცევას ვერ შეძლებდა. თვითმხილველები კი ყვებიან, რომ ვარამაშვილმა სასამართლოს შენობა ეზოს საშუალებით დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები