ანტისანიტარია ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში (ფოტოკოლაჟი)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (ყოფ. რესპუბლიკური საავადმყოფოს) ეზოში სრული ანტისანიტარიაა და უსიამოვნო სუნი დგას. ეზოში არსებული მწვანე ნარგავების ძირში, პლასტმასისა და შუშის ბოთლები, საკვებისა და სხვა სახის ნარჩენები ყრია.  ახლო-მახლო არ დგას ნაგვის ურნები.
როგორც „სითი კ​ვირას“ შპს „თბილსერვის ჯგუფში“ განუცხადეს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მისი დასუფთავებაც მფლობელს ევალება.
“სითი კვირადან” შესული შეტყობინებისთანავე, “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ და რესპუბლიკური საავადმყოფოს ​სამეურნეო სამსახურს ეზოს დასუფთავება მოსთხოვეს.
“კატეგორიული გაფრთხილება მივეცით და დაგვპირდნენ, რომ საავადმყოფოს ტერიტორიის დასუფთავებას ერთ საათში დაიწყებენ, სავარაუდოდ ხვალისთვის დაასრულებენ. ტერიტორიაზე არსებულ უსიამოვნო სუნს რაც შეეხება, ამას იწვევს გოგირდის წყალი, რომელიც ტერიტორიაზე გროვდება და მას პერიოდულად ტუმბავენ,” – განაცხადეს “თბილსერვისის” ზედამხედველობის სამსახურში.
მათივე განმარტებით, „თბილსერვისის“ ზედამხედველობის სამსახური ყოველდღიურად ამოწმებს დედაქალაქში ტერიტორიებს, მათ შორის მოქმედებს ცხელი ხაზი: 2 61 90 50, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ კონკრეტული დანაგვიანებული ტერიტორიის შესახებ, სამსახურს ინფორმაცია მიაწოდონ. ამის შემდეგ, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გადიან ადგილზე და ტერიტორიის მესაკუთრეს აფრთხილებენ, უზრუნველყოს კუთვნილ ფართზე სისუფთავის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ, რაც ფიზიკურ პირზე 500 ლარის, ხოლო შპს -ზე 1 500 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები