საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ოლიმპიელები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ რიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი ოლიმპიელები სასახლეში მიიღეს.
პრეზიდენტის ინიციატივით, “რიო 2016-ის“ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი -ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ლაშა ტალახაძე – ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ვარლამ ლიპარტელიანი – ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში, ლაშა შავდათუაშვილი – ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში, შმაგი ბოლქვაძე – ოლიმპიური პრიზიორი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში,, ირაკლი თურმანიძე – ოლიმპიური პრიზიორი ძალოსნობაში, გენო პეტრიაშვილი – ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
პრეზიდენტმა ოლიმპიელებს დასახული მიზნების მიღწევა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
„მინდა მადლობა გითხრათ ქართველი ხალხის სახელით. საქართველოს ჰიმნი, თითოეული ნოტი ამ ჰიმნისა, იყო ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქის აღტაცებული გულისცემა. ეს თქვენ გააკეთეთ და მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის.
ჩვენ ვაგრძელებთ შეჯიბრებებს. ჩვენ ვაგრძელებთ მსოფლიოსთვის იმის ჩვენებას, რომ ქართული გენი, ქართული უნარი, ჩვენი ჟინი და ჩვენი ძალა არ არის მხოლოდ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიყოთ ყველაზე დიდი და ყველაზე მასშტაბური ქვეყანა, არამედ დამოკიდებულია იმ უნარებზე, რაც თითოეულ თქვენთაგანში დევს.
ეს დღეები თქვენთან ვიყავი რიოშიც, შემდეგ აქედანაც გგულშემატკივრობდით და ვიცი, რა რთულ ვითარებაში ასპარეზობდით და რა დიდი პასუხისმგებლობა იყო თქვენს კისერზე. ჩვენი გუნდი იყო მართლაც გამორჩეული. განსაკუთრებულ სილამაზეს სძენდა ჩვენს გუნდს, დედაშვილის საოცარი დუეტი.
მადლობა მინდა ვუთხრა ასევე პარაოლიმპიელებს იმ დიდი გამარჯვებისთვის, რომლითაც მათ პარაოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დიდი წარმატებები ექნებათ.
თქვენთან ერთად ვარ, თქვენთან ერთად მიხარია, თქვენთან ერთად განვიცდი წაგებას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთად ყოფნა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება იმ გამარჯვებებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აღაფრთოვანებს.
გმადლობთ თქვენი სამსახურისთვის! “- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებისადმი მიმართვაში.
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა კი, საქართველოს პრეზიდენტსა და პირველ ლედის ოლიმპიადაში მონაწილეობის სერთიფიკატები გადასცა. საზეიმო მიღებას ქართველ ოლიმპიელებთან ერთად, პარაოლიმპიელებიც დაესწრნენ, რომლებიც სექტემბერში დაგეგმილ პარაოლიმპიადაზე 5 სპორტსმენით იქნებიან წარმოდგენილნი.

14067607_618958614939082_2256829515391257227_n                                                          14079904_618958561605754_6265761125284091632_n 14088443_618957724939171_1275950216356803516_n                                                          14067493_618957588272518_3198643066670194485_n 14064183_618958678272409_8963181130319321300_n                                                          14055054_618958508272426_8269377017744839992_n 14063892_618957668272510_4065430828050812019_n                                                          14079472_618958244939119_6531259045432817301_n 14079863_618958251605785_8620812179331835913_n                                                          14063998_618957598272517_4766677096183835202_n 14039879_618958398272437_2741093632629534893_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები