სამხარაულის ექსპერტიზის საეჭვო დასკვნა – კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოტანილი კიდევ ერთი განაჩენის საფუძველი

წინა ხელისუფლების მიერ წართმეული ბიზნესის  კიდევ ერთი დავის განხილვა, კეზერაშვილის და მისი ყოფილი კომპანიების წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ კეზერაშვილის სასარგებლოდ დაასრულა.

„სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებლები ზაალ იაკობიძე და დავით მიმინოშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს “სენტა პეტროლიუმისა” და „ბემონს“ წილის იძულებითა და მუქარით  „გალფის“ ბრენდის ქვეშ მოქმედ შპს-ებზე -„სან პეტროლიუმ ჯორჯია Sun Petroleum Georgia -სა და შპს „ჯორჯიან პეტროლიუმ”-ზე გადაფორმებაში ადანაშაულებენ.

მოსამართლე თეა ხამხაძემ ვერ დაადგინა ვერც იძულების და ვერც ფასთა სხვადასხვაობის ფაქტი, რათა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი ჰქონოდა. მიუხედავდ იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის საეჭვო დასკვნა, რომელსაც ალტერნატიული ექსპერტიზა აბათილებდა და თავად კეზერაშვილის მოადგილის ჩვენება ბიზნესის გამოძალვის დასტურად საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, თეა ხამხაძემ გადაწყვეტილება დაზარალებული ბიზნესმენების საწინააღმდეგოდ მიიღო.

მოსამართლე თეა ხამხაძისთვის ეს ბოლო განხილული სასამართლო დავაა – 12 სექტემბერს მან განაჩენი გამოიტანა და მოსამართლეობის ვადა გაუვიდა. 3 წლის განმავლობაში გაჭიანურებული დავა ხამხაძემ დაჩქარებული წესით, მოსამართლეობის ვადის გასვლამდე ზედიზედ დანიშნული პროცესების შემდეგ, 2 კვირაში დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ 2 კვირის განმავლობაში პროცესები დაზარალებული მხარის დაცვის გარეშე ჩაატარა. მან არ დააკმაყოფილა „სენტა პეტროლიუმის“ ადვოკატის შუამდგომლობა, ავადმყოფობის გამო, პროცესის გადადების თაობაზე.

ზაალ იაკობიძისა და დავით მიმინოშვილის საჩივრის საფუძველზე, 2013 წლიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიებას თავდაპირველად  აწარმოებდა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია. მას შემდეგ, რაც მთავარ პროკურატურაში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, აღნიშნული საქმის გამოძიება ზემოთ აღნიშნულ დეპარტამენტში გაგრძელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2015 წლის 25 აგვისტოს გამოძიებამ დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა და ექსპერტიზაზე გაიგზავნა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები.

როგორც საქმის ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი აღნიშნავს: ექსპერტიზა ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, სამხარაულის ექსპერტიზის სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა გამოძიებას რამდენჯერმე მიმართა წერილით, სადაც დამატებით დოკუმენტაციას ითხოვდა.

2016 წლის 29 თებერვალს  ჩადუნელმა გასცა დასკვნა და სამივე შეკითხვის პასუხად, აქტივების, წილებისა და ბიზნესის ღირებულება განსაზღვრა 22 200 000 აშშ დოლარით (ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა).“

სამოქალაქო დავის პროცესში გაირკვა, რომ 2016 წლის ივნისში შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-მ სამხარაულის ექსპერტიზის იმავე დეპარტამენტს დაუკვეთა ექსპერტიზის ჩატარება და ითხოვდა აქტივების შეფასებას, თუმცა აღნიშნულზე გიორგი ჩადუნელმა, მის მიერ გაცემული დასკვნით უპასუხა, რომ ექსპერტიზა ვერ გასცემდა სათანადო დასკვნას, რადგან „სან პეტროლიმ ჯორჯია“-მ სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

2016 წლის ივლისში „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-მ ისევ დაუკვეთა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზის ჩატარება იმავე საკითხთან დაკავშირებით და ექსპერტიზისგან ითხოვდა შპს “სან პეტრლიუმ ჯორჯია”-სა და შპს “ჯორჯიან პეტროლიუმ ექვითიზ”-ის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე შპს “ბემონი”-სა და შპს “სენტა პეტროლიუმი”-საგან შეძენილი აქტივების ღირებულების განსაზღვრას.

ნანა ფრიდონაშვილი:  ივნისში დანიშნული ექსპერტიზის დასკვნაში გიორგი ჩადუნელი მიუთითებდა, რომ „სან პეტრლიუმ ჯორჯია“-მ სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა და შესაბამისად, მან, როგორც ექსპერტმა ვერ განსაზღვრა ქონების ღირებულება, თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოძიებისგან უხვად მოიპოვა „სენტა“-სა და „ბემონი“-სგან მიწოდებული საჭირო დოკუმენტაცია, დასკვნის გაცემაც აღარ „გაჭირვებია“.

25 აგვისტოს, გამოძიების მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე, 29 თებერვალს გიორგი ჩადუნელმა დასკვნა გასცა და შემდეგ, 17 დღეში, 17 მარტს, „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-ს მიერ ივლისში დაკვეთილი ექსპერტიზის დასკვნის გაცემაც არ დააყოვნა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩადუნელის მიერ გაცემული ორივე დასკვნა სამოქალაქო საქმეში, როგორც მტკიცებულებები დღეს უკვე გამოკვლეულია. 2016 წლის 8 აგვისტოს გიორგი ჩადუნელი დაიკითხა სამოქალაქო საქმეზე.

ექსპერტმა ჩადუნელმა სასამართლოზე განაცხადა: „ჩვენს წინაშე იდგა ამოცანა შეგვეფასებინა უძრავ-მოძრავი ქონება და არა ბიზნესი, ხაზგასმით ვამბობ, ქონება და არა ბიზნესი“. სასამართლო სხდომაზე გიორგი ჩადუნელი ჯიუტად ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ექსპერტიზის წინაშე არ დასმულა შეკითხვა ბიზნესის შეფასების თაობაზე, თუმცა ფაქტია, რომ 2016 წლის 29 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნაში თეთრზე შავით წერია გამოძიების მიერ დასმული შეკითხვები, მათ შორის ბიზნესის შეფასებსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გიორგი ჩადუნელმა 2015 წლის 9 ნოემბერს წერილით #5005787415 მიმართა გამოძიებას დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდების თაობაზე და მოითხოვა გამოძიებას დაეზუსტებინა ექსპერტიზისთვის კონკრეტული საკითხი: „გთხოვთ, დაგვიზუსტოთ ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხი: კერძოდ, რა თანხას შეადგენს შპს „ბემონის“ და შპს „სენტა პეტროლიმის“, როგორც ბიზნეს საწარმოს, საბაზრო ღირებულება? გულისხმობს თუ არა ერთიანი ბიზნესის საბაზრო ღირებულების დადგენას, თუ ცალ-ცალკეკომპანიების საბაზრო ღირებულების დადგენას?“. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელმა თავადვე მიაღწია იმას, რომ მის მიერ გაცემული ორივე დასკვანა (29.02.16 და 17.03.16) ეჭვქვეშ დადგეს, როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეში.“

ექსპერტიზამ „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-ს დაკვეთით შეაფასა კომპანიის ქონება, ხოლო გამოძიების დაკვეთით ქონება და ბიზნესი ერთად. დასკვნებში ვკითხოლობთ, რომ ქონების ღირებულება შეადგენს 22 000 000 აშშ დოლარს, ხოლო მეორე დასკვნაში, სადაც აქტივების, წილებისა და ბიზნესის ღირებულება განსაზღვრა, ღირებულება 22 200 000 დოლარია. ამ დასკვნების საფუძველზე გამოდის, რომ ბიზნესი ექსპერტმა 200 000 დოლარად შეაფასა. საუბარია ბიზნესზე, რომლის მოგება იძულებით გადაფორმებამდე, ბოლო წლის მონაცემებით 10 000 000 ლარამდე იყო.

სწორედ ამ დასკვნაში ვერ აღმოაჩინა მოსამართლე თეა ხამხაძემ ვერაფერი საეჭვო და გადაწყვიტა, რომ 10 000 000 მოგების მქონე ბიზნესი ზაალ იაკობიძემ და დავით მიმინოშვილმა დავით კეზერაშვილს უფასოდ გადასცეს, მხოლოდ ქონების საფასურად.  მოსამართლისთვის არც ის აღმოჩნდა საეჭვო, რომ ჩადუნელის მიერ შეფასებული ქონების  ფასი ზუსტად დაემთხვა ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ თანხას – ანუ, დაადგინა ზუსტად იმდენი, რამდენიც კეზერაშვილმა გადაიხადა.

მოსარჩელე მხარე საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტლების სააპელაციო სასამარლოში გაასაჩივრებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები