„ერთ-ერთი სტერეოტიპი გვეუბნება, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, რაც ღრმად არასწორი აზრი გახლავთ“

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ ქალი მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარი კანდიდატები პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა დაასახელა.
როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ქალთა როლი პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, რის გამოც პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და 9 მაჟორიტარ ოლქში ამდენივე ქალი პოლიტიკოსი კანდიდატებად წარადგინა.
მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიიდან“ ქალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ბათუმის 69-ე ოლქი – ხათუნა სამნიძე; ლელა ებრალიძე – 61-ე ოლქი, ფოთი; ნინო გოგუაძე – 59-ე ოლქი, ოზურგეთი; ნატო ქათამაძე – 48-ე ოლქი, ქუთაისი;თინა ხიდაშელი – 54-ე ოლქი, ზესტაფონი; ირინა გელაშვილი – 43-ე ოლქი, ხაშური; ლია როინიშვილი – 38-ე ოლქი, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი, თამარ ხიდაშელი – მე-4 ოლქი, საბურთალო, თამარ კორძაია- პირველი ოლქი, მთაწმინდა.
„ჩვენი სლოგანი საარჩევნოდ გახლავთ „გავთავისუფლდეთ“. უნდა გავთავისუფლდეთ ბევრი რამისაგან, უპირველეს ყოვლისა, სტერეოტიპებისგან, მოძველებული აზროვნებისგან. ერთ-ერთი სტერეოტიპი გვეუბნება, რომ ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის, რომ მისი ადგილი არის სამზარეულოში, რაც ღრმად არასწორი აზრი გახლავთ. მეტი ქალი პოლიტიკაში – ეს არის ლოზუნგი, დევიზი, რომლითაც ჩვენ დღეს გამოვდივართ. რას ნიშნავს მეტი ქალი – ეს ნიშნავს მეტ სიმტკიცეს, მეტ სირბილეს, ამავე დროს, მოპყრობაში, მეტ სოლიდარობას, ეს ნიშნავს მშვიდობას, ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემების უკეთეს დანახვას, მრავალფეროვნებას, ბოლოს და ბოლოს, ეს ნიშნავს კონკურენციას მამაკაცებსა და ქალებს შორის, რომლის დროსაც იზრდება ხარისხი პოლიტიკაში“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები