შსს-მ ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ორჯერ ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული სეით ს. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 28 ნოემბერს ნიღბითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სეით ს. ორ თანამზრახველთან ერთად ჩოხატაურში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ზაალ მ.-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღის მუქარით ფული და ძვირფასეულობა გამოსძალა. ამის შემდეგ სეით ს.-მ და მისმა თანამზრახველებმა ზაალ მ.-ს კუთვნილი ავტომანქანა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ გატაცებულ ავტომანქანას შემთხვევიდან მეორე დღეს სამტრედიაში, ერთ-ერთ ქუჩაზე მიაკვლია.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სეით ს. ქუთაისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მისი თანამზრახველების დაკავების მიზნით შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს“,-აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები