გიორგი კვირიკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევს, სპეკულაციებს თავი დაანებოს და საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევს, სპეკულაციებს თავი დაანებოს და საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” გორის მაჟორიტარობის კანდიდატის, იოსებ მაკრახიძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ყველანაირად ცდილობს, არათუ აღიაროს საკუთარი დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, არამედ, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოყვნენ, წამოაძახოს კიდეც ნასამართლეობა.
“300 ათასზე მეტი ადამიანი იყო გასამართლებული და რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს მოუწია დიდი წნეხის ქვეშ აღიარებითი ჩვენების მიცემაც. ეს საქმეები დაწყებულია დიდი ხნის წინ და ძალიან ბევრი ადამიანი მოყვა ამ წნეხის ქვეშ. იმის მაგივრად, რომ გამოვიდნენ და ბოდიში მოუხადონ ქვეყნის მოსახლეობას, ასე უტიფრად აგრძელებენ ადამიანების დადანაშაულებას. მე მაგალითად, მგონია, რომ იოსებ მაკრახიძისნაირი ადამიანი ნამდვილად ყველა გორელისთვის საამაყოა, რადგან მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის გორის რაიონში და დარწმუნებული ვარ, იგი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ის არის ძალიან აქტიური ადამიანი და ანთებულია, რომ მოაგვაროს ყველა პრობლემა გორში”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევს, საკუთარ საარჩევნო სიას გადახედოს.
“მე, მაგალითად, მათ ადგილას, შემრცხვებოდა საკუთარ სიაში იმ გვარების ხილვა, რომლებიც მათ აქვთ. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ წინ დაუდებენ ბიულეტენებს, რომელშიც ძალიან ბევრი სამარცხვინო გვარი იქნება. არ მინდოდა ამ კონტექსტში პასუხის გაცემა, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი გვაიძულებენ, ამ კონტექსტში გადავიდეთ”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები