დიდ დიღომში სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულების: მიხეილ ჩ.-ს, დავით ც.-ს, შალვა მ.-ს, ზურაბ ა.-სა და ჯემალ ბ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ დაპატიმრების გამოყენების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, წარდგენილი ბრალის თანახმად, ყველა ბრალდებულს ბრალად ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ასევე, მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
მათვე, ბრალად ედებათ გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით.
ცნობისათვის, აღნიშული პირები 16 აგვისტოს, თბილისში, დიდ დიღომში, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალის სიმძიმე და ხასიათი, ბრალდებულთა პიროვნება, მათი წარსული, ასევე ახალი შესაძლო დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიებების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 5 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.