სუსი: თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ორი ეჭვმიტანილი პირი საქართველოში არ იმყოფება

„თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ორი ეჭვმიტანილი პირი საქართველოში არ იმყოფება“, – ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
„თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდლეობაში ეჭვმიტანილი პირები საქართველოში არ იმყოფებიან. საუბარია იმ ორ ადამიანზე, რომელთა გვარებიც დასახელდა. კერძოდ, საუბარია ადილ ოკსუზსა და ზაქარია ოზზე“, – განაცხადეს უწყებაში.
თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ინფორმაციით, თურქეთში, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორი ადილ ოქსუზი შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს.
გამოცემა წერს, რომ ეს ინფორმაცია თურქეთის პოლიციას და სპეცსამსახურებს აქვთ. ადილ ოქსუზს გამოცემა Daily Sabah-ი საჰაერო ძალების „იმამს“ უწოდებს, ვინაიდან სწორედ მან შეიმუშავა სამხედრო ამბოხების გეგმა და ის ხელმძღვანელობდა 15 ივლისს უშუალოდ ამბოხებული სამხედროების მოქმედებას.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 49 წლის ოქსუზი და რამდენიმე პირი სამხედრო ამბოხების შემდეგ დააკავეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, ბოლოს ოქსუზი ანკარაში ნახეს და ის სტამბოლის მიმართულებით გაფრინდა, ხოლო შემდეგ, მან, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადილ ოქსუზი შესაძლოა, აშშ-ში იმყოფებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები