პარლამენტმა დეპუტატ როლანდ ახალაიას შესაძლებელია, ვადამდე ადრე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტოს

პარლამენტმა დეპუტატ როლანდ ახალაიას შესაძლებელია, ვადამდე ადრე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტოს. ამის მიზეზი უზენაესი სასამართლოს მიერ დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენია.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოსგან დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უკვე მიიღო.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, კომიტეტი როლანდ ახალაიას საკითხს რეგლამენტით დადგენილ ვადაში განიხილავს და შესაბამის დასკვნას მიიღებს, რის შედეგადაც გადაწყდება, შეუწყდება თუ არა როლანდ ახალაიას სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე.
საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში უახლოეს სესიაზე მოხდება. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ ცნო. საქმე ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ეხება. სასამართლომ ახალაია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და “ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, დეპუტატის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები