ინდონეზიელი მამაკაცი, რომელიც ისლამისტური დაჯგუფება „აბუ საიაფის“ ტყვეობაში იმყოფებოდა, ტერორისტებს გაექცა და ფილიპინების სანაპირომდე ცურვით მიაღწია. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
28 წლის მოჰამედ საფიანი და ნავის ეკიპაჟის კიდევ ექვსი წევრი ტერორისტებმა ფილიპინების სამხრეთ სანაპიროსთან ივნისის ბოლოს გაიტაცეს. საფიანი ამბობს, რომ მან გაქცევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტერორისტები მოკვლით დაემუქრნენ. ფილიპინების ხელისუფლების ინფორმაციით, სხვა გატაცებულების ბედის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს მძევლების გასათავისუფლებლად. დაჯგუფება „აბუ საიაფი“ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული.