„უბლოკო სტატუსის შემოთავაზება ისეთივე საფრთხის მატარებელია, როგორიც იყო „ცენტრისტების“ მიერ გაკეთებული განცხადებები“

უბლოკო სტატუსის შემოთავაზება ისეთივე საფრთხის მატარებელია, როგორიც იყო პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ მიერ გაკეთებული განცხადებები – ამის შესახებ ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ განუცხადა.
„უბლოკო სტატუსის შემოთავაზება ისეთივე საფრთხის მატარებელია, როგორიც იყო პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ მიერ გაკეთებული განცხადებები. უბრალოდ უფრო შეფარული და თითქოს რბილი და ლამაზი ფორმით, მაგრამ აბსოლუტურად ზუსტად იგივეა თავისი არსით და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „რესპუბლიკელების“ შემოთავაზება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაში იმ საფრთხეების გააზრება და დანახვა, რასაც მოიცავს მსგავსი წინადადებები პოლიტიკური გაერთიანებისგან,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის აზრით, საკონსტიტუციო კანონის მეშვიდე თავს უნდა დაემატოს მუხლი, რომლის თანახმად, საქართველო უბლოკო სტატუსს გამოაცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო უარს იტყვის ნატოში ან სხვა რომელიმე სამხედრო ბლოკში გაერთიანებაზე.
ნინო ბურჯანაძის პარტიის ინიციატივა – საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა წარუდგინა.
თავის მხრივ,პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა და შესაბამისი საკონსტიტუციო ინიციატივის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინადადებით გამოდის, რომლის მიხედვით, კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება, ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები