ცესკოს თავმჯდომარემ ”სამართლიანი არჩევნების” საჩივრის შესწავლა დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ”სამართლიანი არჩევნების” საჩივრის შესწავლა უკვე დაიწყო, რომლის განხილვა მაქსიმუმ 30 დღეში უნდა დაასრულოს.
როგორც ცესკო-ს სპიკერი ანა მიქელაძე აცხადებს, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შეტანილ საჩივარში საუბარია არა „ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, არამედ საჩივარი შეეხება 45-ე მუხლის მე-3 პუნქტს.
”ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო წარმოება პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ვიდეორგოლის შინაარსთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის წესებთან შესაბამისობის კუთხით. ამ საკითხზე მოგვმართა „სამართლიანმა არჩევნებმა. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ საკითხს იხილავს ცესკო-ს თავმჯდომარე და არა ცესკო. თავმჯდომარე წარმოების დასრულებისთანავე მიიღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა თუ არშედგენის შესახებ.
მაქსიმალურ ვადად, კანონმდებლობის მიხედვით, გაწერილია 30 დღე. წარმოება დაწყებულია 45-ე მუხლის მე-3 პუნქტთან დაკავშირებით. თვითონ „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარიც შეეხება 45-ე მუხლის მე-3 პუნქტს. აქ არ არის საუბარი პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესწყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისკენ და მტრობისკენ და ეროვნული და რელიგიური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. როდესაც იქნება სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი ან არშედგენილი, გადაწყვეტილება ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის”, – განაცხადა მიქელაძემ.
მიქელაძის ინფორმაციით, ცესკო-სთვის არც მიუმართავთ ”ცენტრისტების” საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუმცა ცესკო აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილებას ისედაც ვერ იღებს.
თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ”სამართლიანი არჩევნების” საჩივართან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმი შედგა, სანქცია საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, ითვალისწინებს 2000 ლარიან ჯარიმას. ცესკო-ს თავმჯდომარე სამართალდარღვევის ოქმს სასამართლოს და სასამართლო მიიღებს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები