საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, “ცენტრისტების” სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მთავრობის მეთაურის განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების შეშფოთებას საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული უფასო საარჩევნო რეკლამის გამო, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს შეიცავს, და აღვნიშნო:
1. დღეს, როდესაც საქართველო ისტორიული არჩევნების წინაშეა, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის და, შესაბამისად, დამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მრავალი მოქალაქე შეეწირა, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა უწყებამ, ორგანიზაციამ თუ ფიზიკურმა პირმა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა.
2. საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, რათა მედია ყოფილიყო დამოუკიდებელი, თუმცა დამოუკიდებლობა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. მედიას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა არ მოახდინოს ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის ტირაჟირება. ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ისეთი საარჩევნო აგიტაცია, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.
ასევე, მოვუწოდებთ ყველა სხვა მედიასაშუალებას, მაქსიმალურად ეცადონ, არ გახდნენ პროპაგანდის მსხვერპლი, თუნდაც გაუაზრებელი მოქმედებებით. სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში გაზრდილი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის ფარგლებში გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება.
4. საქართველოს მთავრობა კვლავაც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ და დემოკრატიულ ბერკეტს, რათა არ დაუშვას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და მიესალმება ყველა შესაბამის ინიციატივას არასამთავრობო თუ პოლიტიკური სექტორის მხრიდან”,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბედუკაძისა და ხაჩიშვილის ახლადდაფუძნებული პარტიის “ცენტრისტების” სარეკლამო რგოლი გადის. რგოლში ნათქვამია, რომ რუსულ სამხედრო ბაზებს დააკანონებენ, ასევე ამომრჩეველს ორმაგ მოქალაქეობასა და რუსულ პენსიას – 400 ლარს სთავაზობენ. სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფასო პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გავიდა, თუმცა ტელეკომპანიამ ის უკვე შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები