ბესელია მოუწოდებს პარტიებს, “ცენტრისტების” რეგისტრაციის გაუქმების ინიციატივას შეუერთდნენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, “ცენტრისტების” რიტორიკა მოღალატეობრივია.
როგორც ბესელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მოწოდებას აღნიშნული პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმებასთან დაკავშირებით, სხვა პარტიებიც უნდა შეუერთდნენ.
“პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” სარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით, ამ პარტიის შეხედულებები და დაპირებები, რომელიც მათ საარჩევნო კლიპებში ჟღერდება, არა მხოლოდ მიუღებელია ჩვენთვის, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც ცხადია ჩვენ საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები.
პარტიის კამპანიიდან მოხსნაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი. ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც დეპუტატების 1/5-ს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება – და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბედუკაძისა და ხაჩიშვილის ახლადდაფუძნებული პარტიის “ცენტრისტების” სარეკლამო რგოლი გადის. რგოლში ნათქვამია, რომ რუსულ სამხედრო ბაზებს დააკანონებენ, ასევე ამომრჩეველს ორმაგ მოქალაქეობასა და რუსულ პენსიას – 400 ლარს სთავაზობენ. სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფასო პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გავიდა, თუმცა ტელეკომპანიამ ის უკვე შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები