“ცენტრისტების” რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით “ცენტრისტების” შეხედულებები და დაპირებები მოღალატეობრივია.
როგორც ვოლსკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, უმრავლესობისთვის „ცენტრისტების რიტორიკა მიუღებელია.
“პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით, ამ პარტიის შეხედულებები და დაპირებები, რომელიც მათ საარჩევნო კლიპებში ჟღერდება, არამხოლოდ მიუღებელია ჩვენთვის, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც ცხადია ჩვენ საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები. პარტიის კამპანიიდან მოხსნაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი.
ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც დეპუტატების 1/5-ს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება – და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოუერთდნენ ამ ინციატივას”,- წერს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, ასევე საქართველოში რუსული ჯარის ბაზის დაკანონებას ჰპირდებიან. აღნიშნული საარჩევნო კლიპი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები