გიორგი კვირიკაშვილი: უმაღლესი სასწავლებელის კურსდამთავრებული პირდაპირ დასაქმდებიან  

უმაღლესი სასწავლებელის კურსდამთავრებული პირდაპირ დასაქმდებიან, – ამის შესახებ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, პარტიის აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, განათლების სფეროში ძირეული ცვლილებები განხორციელდება. მთავრობის მეთაურის თქმით, წახალისებული იქნება მოთხოვნადი დარგები. პრემიერის განმარტებით, სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტად უნდა იზრუნოს პედაგოგებზე და მათ პრესტიჟზე.
“ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ახალ თაობას, მათ განათლებას. მე სიამაყით მინდა ვთქვა,რომ აჭარაში არაერთი სკოლა აშენდა და გარემონტდა. დღეს ჩვენი მაღალმთიანი რეგიონების ბავშვებს აღარ უწევთ 5,7 თუ 10 კილომეტრის ფეხით გავლა იმისათვის, რომ სკოლაში მივიდნენ. ჩვენ ავწევთ ჩვენი პედაგოგების პრესტიჟს.
არ შეიძლება გამუდმებული ტესტირებები, გამოცდები და ყოფნა-არყოფნის რისკის წინაშე დაყენება იმ ადამიანების, რომლებმაც ყველაზე გაჭირვებული წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად უზრუნველყვეს ჩვენი მომავალი თაობის განათლება და მათი ინტელექტუალური განვითარება.
რა თქმა უნდა, ჩვენ უმაღლესი განათლების სფეროში შევიტანთ ძირეულ რეფორმებს. მოთხოვნადი დარგები იქნება უფრო მეტად წახალისებული, უმაღლესი სასწავლებელის კურსდამთავრებული პირდაპირ დასაქმდებიან და იქნება კონკრეტული მოთხოვნა ამა თუ იმ დარგზე. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დანაშაული ჩავიდინოთ საკუთარი ახალგაზრდების წინაშე და 4 წლის განმავლობაში ილუზიაში ვამყოფოთ ისინი, ვაიძულოთ, გაიღონ უკანასკნელი რესურსი იმისათვის, რომ ისწავლონ იმ პროფესიებზე, რომლებიც რეალურად არ არის მოთხოვნადი,”- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები