კახა კალაძე: ოცნებების ასრულების გზაზე ერთხელ უკვე დავდექით და არასდროს გადავუხვევთ

ოცნებების ასრულების გზაზე ერთხელ უკვე დავდექით და არასდროს გადავუხვევთ, – ასე მიმართა ვიცე-პრემიერმა, “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბათუმში  აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას შეკრებილ საზოგადოებას.
როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანა უნდა ავაშენოთ ისეთი, როგორზეც ოცნებობდა  თითოეული  სახელოვანი მოქალაქე.
„მოგესალმები ბათუმო! დღეს ჩვენ ყველა ერთად ვართ. ამინდიც კი გვიჭერს მხარს (თუ მზე იქნა). დღეს ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ იმ ფასეულობების სადარაჯოზე, რომლებმაც გამოგვიყვანეს 2012 წელს, გახსოვთ ყველას მაშინდელი წვიმიანი ბათუმი? მაშინ ჩვენ  ვოცნებობდით  და ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის.
საქართველოსთვის, სადაც არ იქნებოდა შიში, ძალადობა და უკანონობა.
მაშინ, რეჟიმის პირობებში ეს ოცნება იყო, ახლა  კი რეალობაა!
და ეს რეალობა ჩვენ – „ქართულმა ოცნებამ“ და მოსახლეობამ, თავისუფლების მოყვარულმა საქართველოს მოქალაქეების ერთობამ შექმნა. დღეს ჩვენ უკვე სხვა მიზნები და ოცნებები გვაქვს – კეთილდღეობა, წარმატება, პროგრესი. დოვლათიანი, განვითარებული ქვეყანა და რაც შეიძლება მალე! დროის დაჩქარება და სასურველი მომავლის მოახლოება კი ჩვენს ერთობლივ შრომას და გარჯას შეუძლია.
აჭარაში დღეს, პირველ რიგში, თავისუფლების მზე ანათებს და ჩვენ ამ მშვენიერი კუთხის პატრონებმა, ამ მშვენიერი ცის და ზღვის პატრონებმა, თავისუფლებმა და ლაღებმა, კანონით დაცულებმა და ქვეყნის ხელისუფლებით მხარდაჭერილებმა, ქვეყანა უნდა ავაშენოთ ისეთი, როგორზეც ოცნებობდა  ჩვენი წინაპარი, თითოეული  სახელოვანი მოქალაქე, ყველა ის, ვინც ეს ისტორიული კუთხე შეუნარჩუნა დედა სამშობლოს და ევროპული სტილის ქალაქად აქცია ბათუმი!
ტურიზმი, მეციტრუსეობა,  სოფლის მეურნეობის  სხვადასხვა დარგები, მცირე  ბიზნესის განვითარება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა –  თქვენს პატარა კუთხეს წინ დიდი პერსპექტივები აქვს.
ერთად ავაშენოთ ჩვენი მომავალი! ერთად ვიზრუნოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის! თავისუფალი და შრომისმოყვარე ადამიანების ოცნებების ასრულების გზაზე ერთხელ უკვე დავდექით და არასდროს გადავუხვევთ, არც სხვას მივცემთ უფლებას უკან დაგვაბრუნოს!“, – განაცხადა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები