გიორგი მარგველაშვილმა კანადის გენერალური გუბერნატორი საქართველოში მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ტომას ბახის სახელით გამართულ მიღებას დაესწრნენ, რომელიც 31-ე ზაფხულის ოლიმპიადის გახსნაზე დამსწრე სახელმწიფო ლიდერების პატივსაცემად გაიმართა.
მიღების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი კანადის გენერალურ გუბერნატორს, დევიდ ჯონსტონს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. დევიდ ჯონსტონმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე გამოთქვა მზადყოფნა, გააგრძელოს მხარდაჭერა ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. გიორგი მარგველაშვილმა კანადელ კოლეგას მადლობა გადაუხადა უკვე გაწეული დახმარებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, ქართულ-კანადური სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და კანადური მხარე გაზრდის საკუთარ როლს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების პროცესში.
რეგიონული გამოწვევების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, უსაფრთხოების და საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებების გარდა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასაც. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანადის გენერალური გუბერნატორი დევიდ ჯონსტონი საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები