„გირჩის“, „ახალი საქართველოსა“ და „მემარჯვენეების“ პოლიტიკური ბლოკის – „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისში ახალი საარჩევნო ბლოკის პრეზენტაცია გაიმართა.
„ლისი ლაუნჯში“, ახალი პოლიტიკური ბლოკის – „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის“ პრეზენტაცია გაიმართა.
გიორგი ვაშაძის თქმით, პოლიტიკური ბლოკი სამი პრინციპის გარშემო ერთიანდება: პიროვნული თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება და დასავლური არჩევანი.
„დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი პრობლემაა, პრობლემებია უმუშევრობის კუთხით, გაჭირვებაა, უპერსპექტივობა, იმედგაცრუება, უუნარო ხელისუფლება კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ხედვა, გეგმა, არ იციან, რა უნდა გააკეთონ. ჩვენ ვქმნით ახალ პოლიტიკურ ბლოკს, რომელმაც სრულიად ახალი პერსპექტივა უნდა შესძინოს ქვეყანას, ჩვენ გთავაზობთ არჩევანს წარსულსა და მომავალს შორის, წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება. ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალების გუნდს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ახალი პოლიტიკური ცენტრის – „გირჩის“ წარმომადგენლის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თანამოაზრეების გარეშე რთულია იმ გამოწვევების გამკლავება, რაც ქვეყანაშია. მისივე თქმით, ეს გამოწვევები არის მძაფრი, ამიტომ აუცილებელია ქვეყანაში ახალი არჩევანის გაჩენის აუცილებლობა.
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად ჩაიწერება, როგორც მნიშვნელოვანი დღე.
“ახალი არჩევანი არის გზა მშვიდობიანი განვითარებისკენ, გზა ეკონიმიკური ზრდისკენ და გზა მეტი თავისუფლებისკენ,”- განაცხადა კაციტაძემ.