საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა
ორმხრივი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილსა და მარსელო რებელო დე სუსას შორის ბრაზილიაში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე შედგა.
მხარეებს შორის საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პორტუგალიელი მონიტორების ჩართვის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ხაზგასმით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიამ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში გამართული კონსულტაციების შედეგად მიიღო.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოება ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.
შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესი თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში პორტუგალიელების დახმარება იყო.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ,,არსებითი პაკეტის” პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, პორტუგალიის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მარსელო რებელო დე სუსამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა პორტუგალიას ამ პოზიციისთვის და ლუსოფონიკის ქვეყნებში არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა სთხოვა. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებს.
გიორგი მარგველაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა და პორტუგალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დაპატიჟა.
შეხვედრას საქართველოს დელეგაციიდან ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ბრაზილიის ფედერალურ რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.