თამარ კორძაია: ფაქტი, რომ ყველა მოსამართლე ერთხმად უარყოფს ზეწოლას, საკმაოდ დიდ ეჭვებს აჩენს, რომ ვიღაც იტყუება

საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესი, ალბათ, ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესშია და მოვუწოდებ პოლიტიკურ ძალებს, ამ ინტერესების გამო ქვეყანაში ინსტიტუციებს ნუ დაანგრევენ.
ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, პარლამენტარმა თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არის შემთხვევა, როდესაც მთავარმა პროკურატურამ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უნდა ითანამშრომლონ. თავისთავად ფაქტი, რომ ყველა მოსამართლე ერთხმად უარყოფს ზეწოლას, საკმაოდ დიდ ეჭვებს აჩენს, რომ ამ პროცესში ვიღაც იტყუება. აუცილებლად უნდა გამოვლინდეს, ვინ იტყუება ამ პროცესში. მოსამართლეების უპირველესი ფუნქცია სამართალწარმოება და მართლმსაჯულების განხორციელებაა. მიმაჩნია, რომ საპატიო მიზეზით მოსამართლე საქმის განხილვაზე შეიძლება ვერ მივიდეს, მაგრამ, როდესაც კვორუმის საკითხი დგება და მოსამართლეების შემადგენლობის უმრავლესობა სხდომის დასაწყებად ვერ იკრიბება, ჩნდება სერიოზული პრობლემა. ნებისმიერი ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ვალდებულების მიმართ, აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ჯანსაღად არ ვითარდება პროცესები. იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას მალე დაიწყებს,“-განაცხადა თამარ კორძაიამ.
რაც შეეხება მოსამართლე მერაბ ტურავას განცხადების საფუძველზე მოკვლევის დაწყებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ცნობილ საქმეებთან დაკავშირებული სარჩელების შეცვლას ეხება, თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ მისი შესწავლა შესაძლებელია.
„თუ მერაბ ტურავა თვლის, რომ რაიმე ფორმით ამ განაწილებისას კანონის ჩანაწერს არღვევდა, მოკვლევა უნდა დაიწყოს, მაგრამ მე ასეთი რამ ვერ დავინახე. მე არ მინახავს საქმეები, როგორ შევიდა სარჩელი და მერე რა დაემატა. ორივე მხარე აპელირებს კანონის სხვადასხვა მუხლზე. ამიტომ, თუ არსებობს ფაქტი, რომ გადაწყვეტილება აბსოლუტურად დასაბუთების გარეშე შევიდა და მოტივაციაში ერთი სიტყვა მაინც არ ეწერა, შესაძლოა, გახდეს შესწავლის საგანი. შესაძლოა, ვიღაცებს ერთმანეთი, ან მათი პოზიციები არ მოსწონდეს, მაგრამ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოში არის შესაძლებლობა, რომ მოსამართლეებმა საკუთარი განსხვავებული აზრები დაასაბუთონ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები