ანა დოლიძე: უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს

”უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ანა დოლიძემ განაცხადა. ​​
”უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდებთ თავი შეიკავოს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. მას როგორც პირს, რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის უფლება საქართველოში არ აქვს. გარდა ამისა, ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ ბატონი სააკაშვილი ცდილობს რეპუტაცია შეულახოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლის როლიც მნიშვნელოვანია საარჩევნო ციკლში. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ტყუის, როცა ამბობს, რომ მან საკუთარი ნებით არ დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ როდესაც იღებდა უკრაინის მოქალაქეობას, ბუნებრივია, როგორც დადგენილია ჩვენი კანონმდებლობით, ის დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავშეუკავებელი ქცევით არ უნდა შეუშალოს ხელი ქართულ-უკრაინული მეგობრული ურთიერთობების განვითარებას და ბუნებრივია, საკუთარი ქმედებებით იგი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ მშვენიერ, კეთილმეზობლურ ურთიერთობას”, – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სანქციის გამოყენებისკენ მოუწოდებს. საია-ში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, ბათუმის მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვით წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაარღვია. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს. აღნიშნულის გამო საია უსკო-ს მიმართავს, სააკაშვილის წინააღმდეგ, წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობისთვის გათვალისწინებული სანქცია გამოიყენოს, რაც გულისხმობს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საია-ს განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვედრზე გამოეხმაურა. ”ცოტათი მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები.ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია. გთხოვთ, გაიხსენოთ, რის საფუძველზე ჩამომერთვა მოქალაქეობა და ჩაუღრმავდეთ ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს. კანონი უზენაესია ჩემთვის, თუმცა, ოთარ ჭილაძის ფრაზა მახსენდება: “მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია”. სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვმოღვაწეობდე, მე ვრჩები ჩემი ქვეყნის ერთგული. საქართველოს მოქალაქეობა რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ ხელმოწერილი ფარატინა დოკუმენტით არ განისაზღვრება”, – აცხადებს ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები