გიორგი მღებრიშვილმა დაბა ბაკურიანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი შენობა გახსნა – ვიდეო

 შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაბა ბაკურიანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა გახსნა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული და დაბა ბაკურიანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, სტუმრებთან ერთად, ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა. გიორგი მღებრიშვილი დაბა ბაკურიანის მეხანძრე-მაშველებსაც შეხვდა და წარმატებები უსურვა.
დაბა ბაკურიანში მეხანძრე-მაშველებს წლების განმავლობაში არასათანადო პირობებში უწევდათ მუშაობა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შესაქმნელად, ახალი შენობა ააშენა, რომელიც უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითა არის აღჭურვილი. დაბა ბაკურიანის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 16 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. შს სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. 2015 წლიდან დღემდე განახლდა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 12 შენობა და აშენდა 1 ახალი ნაგებობა. მიმდინარე წლის ბოლომდე 3 ახალი შენობის აშენება და 4 ძველი ნაგებობის რეაბილიტაცია იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები