ეკა ბესელია ევა გოცირიძეზე: მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება

მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძის დასახელების ფაქტს პარლამენტის ადმიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია გამოეხმაურა.

ეკა ბესელია ფიქრობს, რომ მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გოცირიძის შერჩევა კანონმდებლობისა და დებულების სრული დაცვით მოხდა.

“ეს პროცედურები საერთაშორისო კანონმდებლობით არის გაწერილი. არის სპეციალური დებულებაც, რომელიც ამ პროცესს არეგულირებს. მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძეს ევა გოცირიძე ჩაანაცვლებს. აღნიშნული სია დღეს მთავრობის სხდომაზე გადაისინჯა.

როგორც სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, ევროპის საბჭოს ექსპერტები ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურას მისაღებად მიიჩნევენ, გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით კი აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იურისტად მუშაობის 11-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, სასურველი იქნებოდა, სხვა პროფესიული გამოცდილებაც ჰქონოდა. რაც შეეხება ქალ კანდიდატ ნანა მჭედლიძეს, ევროპის საბჭოს ექსპერტები მასთან მიმართებაში უარყოფით რეკომენდაციას იძლევიან და ფიქრობენ, რომ მას არ აქვს არც მართლმსაჯულების სისტემაში სათანადო გამოცდილება და არც მაღალი აკადემიური გამოცდილება. გამომდინარე იქიდან, რომ სამპირიან სიაში უნდა იყოს ორი სქესის წარმომადგენელი და ერთმანეთის რეალური კონკურენტები, მთავრობამ გადაწყვიტა, იმავე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატიდან აერჩია ქალი კანდიდატი და ნანა მჭედლიძის ნაცვლად სიაში შეყვანილი ყოფილიყო ევა გოცირიძე. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს – ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები