ვახტან ხმალაძე დავით უსუფაშვილის ინიციატივას მიესალმება

დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე, წინასაარჩევნოდ, უმაღლესი სახელისუფლებო შტოების ხელმძღვანელ პირთა სამუშაო ფორმატის შექმნის თაობაზე, დავით უსუფაშვილის ინიციატივას მიესალმება.

შესაბამისი კომენტარი ხმალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. “მრავალი წელია, როცა საარჩევნო პერიოდის დროს არაერთი საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის. განსაკუთრებით სახიფათოა, როცა ასეთი ტიპის განცხადებები ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან კეთდება – ეს უფრო მეტად ძაბავს ვითარებას და არანაირად არ უწყობს ხელს საარჩევნო პროცესის შედარებით მშვიდ გარემოში გადატანას. დავით უსუფაშვილის წინადადება, რომ სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვდნენ ერთმანეთს, დაილაპარაკონ, გააკეთონ პრობლემების იდენტიფიცირება და მივიდნენ ისეთ შეთანხმებამდე, რომელიც საარჩევნო პროცესის შედარებით მშვიდ ვითარებაში წარმართავს შეუწყობს ხელს, იქნება ძალიან კარგი, რასაკვირველია, თუკი ეს პირები საერთო ენის გამონახვას მოახერხებენ. საერთო ენის გამონახვა მათი ვალდებულებაა, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის წინაშე, ამომრჩევლის წინაშე და ზოგადად, კანონის წინაშე აქვთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრის გამართვაზე თანხმობა უნდა განაცხადონ – ვნახოთ, რა იქნება შედეგი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები