გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლატვიის, რუმინეთისა და ისრაელის ელჩებს გამოსამშვიდობებელ სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ლატვიის, რუმინეთისა და ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს საქართველოში, გამოსამშვიდობებელ სადილზე უმასპინძლა, – ამის შესახებ ინფორმაცის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
დიპლომატებს ალექსანდრა ჰოლ-ჰოლს, პრიიტ ტურკს, ელიტა გაველეს, დუმიტრუ ბადეას და იუვალ ფუქსს საქართველოში დიპლომატიური მისია ეწურებათ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მათ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. დიპლომატებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს მეგობრებად რჩებიან.