„მომავლის მწერალი“ დუშეთის მუნიციპალიტეტში

დუშეთის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში ტარდება კონკურსი ,,მომავლის მწერალი,“ რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 40- მდე მოსწავლე. კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფონდის „საზოგადოებრივი თანადგომა“ ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია, ხულო, შუახევი და ქედა) ტარდება. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს და საზოგადოებას გააცნოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები.

კონკურსში „მომავლის მწერალი“ მონაწილეობენ თავისუფალი აზროვნების მქონე, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები (მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები); თითოეული სკოლიდან კონკურსში მონაწილეობას მიიღებს არაუმეტეს 5 მოსწავლისა; მონაწილეებმა უნდა დაწერონ პროზაული ნაწარმოებები (მოთხრობა, ნოველა), რომელთა სათაურებიც მათთვის უშუალოდ კონკურსის დაწყების წინ გახდება ცნობილი. ჟიური დახურული წესით (ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა უცნობია ჟიურის წევრთათვის) განიხილავს პირველ ეტაპზე წარმოდგენილ მასალას, რომლის საფუძველზეც შეარჩევს კონკურსის მეორე, ძირითადი ეტაპის მონაწილე 7 კანდიდატს. ჟიურის გადაწყვეტილება მხოლოდ ფინალისტებს ეცნობებათ. შვიდივე ფინალისტს გადაეცემა ფულადი ჯილდო 100 ლარის ოდენობით, აგრეთვე დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები;

7 ფინალისტიდან გამოვლინდება 3 გამარჯვებული: I ადგილზე გასულ კონკურსანტს გადაეცემა ფულადი პრემია 400 ლარის ოდენობით; II ადგილის მფლობელს გადაეცემა პრემია 300 ლარის ოდენობით; III ადგილზე გასული ფინალისტი მიიღებს 200 ლარს. პროექტში გამარჯვებულ ავტორთა ნაწარმოებები დაიბეჭდება “ლიტერატურულ გაზეთში“, ტელევიზიებსა და რადიოებში გაშუქდება. კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები