თაღლითურმა ჯგუფმა დევნილ ქალბატონს მოტყუებით ფული გამოსძალა – დანაშაული გახსნილია (ვიდეო)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 1949 წელს დაბადებული ბონდო ო., 1956 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვერა ა. და 1951 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თამაზ გ. თბილისში დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი მოატყუეს, თითქოს დევნილთა და განსახლების სამინისტროში, ასევე, თბილისის მერიაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შეეძლოთ მისთვის საჭირო ქულების მომატება და რიგის გარეშე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ოლიმპიურ ქალაქში“ ბინის მიღებაში დახმარება. ამის სანაცვლოდ, ბრალდებულებმა ქალბატონს 15 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინასწარ 7 000 აშშ დოლარი გამოართვეს, ხოლო დანარჩენი 8 000 აშშ დოლარის გამორთმევას მოგვიანებით აპირებდნენ. სამართალდამცველებმა, ბონდო ო.-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, 7000 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს“, -აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები