ვარშავაში საგანგებო ნომრის ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა
პოლონეთის ქალაქ ვარშავაში საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიური კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა. კონფერენციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებიან. ყოველწლიური კონფერენცია ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ დემეტრიოს პიროსმა გახსნა. „მნიშვნელოვანია, საქართველოს „112“-ის მონაწილეობა საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ კონფერენციაში. წელს საქართველოს დელეგაციას წილად ხვდა უპირატესობა, წარდგეს კონფერენციის მონაწილე 44 ქვეყნის წინაშე, როგორც ერთ-ერთი სპიკერი ქვეყანა. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სტენდის გვერდით განთავსებულია საქართველოს „112“-ის წარმომადგენლობითი სტენდი. სტენდი საშუალებას აძლევს კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას, გაეცნოს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ პრომო მასალასა და სამუშაო პროგრამას (ERC), რომელშიც მუშაობენ „112“-ის ოპერატორები“, – განაცხადა დემეტრიოს პიროსმა. ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია (EENA) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1999 წელს ბრიუსელში შეიქმნა. ასოციაციის მიზანია, ევროპის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – „112“-ის დანერგვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობისთვის ხელის შეწყობა. საქართველოს „112“ 2013 წლის 3 სექტემბრიდან ამ ორგანიზაციის წევრია.